ესტონეთში საერთაშორისო სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „ელვა“ იწყება. სწავლება ორ კვირას გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მანევრების ძირითადი მიზანია მოკავშირეთა ძალების სწრაფი გადაყვანისა და საფრთხეების ერთობლივი მოგერიების შემუშავება. სწავლებაში, ესტონელ სამხედროებთან ერთად, მონაწილეობენ ჯარისკაცები ლატვიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, აშშ-დან და კანადიდან. მანევრებში მონაწილეობას მიიღებს სამი ათასამდე სამხედრო.
სამხედრო წვრთნების ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ იანო მიარკას განცხადებით, მოკავშირეთა ძალები მუშაობენ სადესანტო ოპერაციებზე, პარაშუტებით ხტომაზე, სწავლების ფინალური ეტაპი კი პოლიგონებზე სროლა იქნება.
სწავლების ძირითადი მანევრები ჩატარდება ქვეყნის დასავლეთ, ჩრდილოეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში.
სამხედრო სწავლება „ელვა“ აჩვენებს ნატო-ს მოკავშირეების მზადყოფნას რეგიონის თავდაცვისთვის.
მასშტაბური სამხედრო სწავლება იმართება პოლონეთშიც, სადაც ნატო-ს ძალები მონაწილეობენ.