ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო არ დაიშლება, დარწმუნებული ვართ, აშშ მოკავშირეებს დაიცავს, ევროპა ამ ეტაპზე მოსკოვის წინააღმდეგ დამოუკიდებლად გასამკლავებლად მზად არ არის
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო არ დაიშლება, დარწმუნებული ვართ, აშშ მოკავშირეებს დაიცავს, ევროპა ამ ეტაპზე მოსკოვის წინააღმდეგ დამოუკიდებლად გასამკლავებლად მზად არ არის

ნატო არ დაიშლება, დარწმუნებული ვართ, რომ აშშ მოკავშირეებს დაიცავს, ევროპა ამ ეტაპზე მოსკოვის წინააღმდეგ დამოუკიდებლად გასამკლავებლად მზად არ არის, – ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა  „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„დიახ, მე ვენდობი აშშ-ს და დიახ, მე ვენდობი ჩვენს ყველა მოკავშირეს“, – აღნიშნა ჰანო პევკურმა.

მისივე თქმით, აშშ-ს ევროპა სჭირდება თავისი სამხედროებისთვის, ისევე როგორც ევროპას – აშშ, ამიტომ „არ მჯერა, რომ ნატო დაიშლება“.

„50 წელი მშვიდად არასოდეს გადის. არსებობს უთანხმოებები და პრობლემები, რომელთა გადალახვაც საჭიროა“, – განაცხადა პევკურმა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა ამ დროისთვის სამხედრო თვალსაზრისით დამოუკიდებლად მოქმედებისთვის მზად არ არის.

„იქ ვართ, სადაც გვინდა, ვიყოთ? არა. ნატო-ს ყველა წევრმა მეტი უნდა ჩადოს თავდაცვაში“, –  განაცხადა პევკურმა.

როგორც პევკურმა აღნიშნა, ნატო-მ ყურადღება უნდა გაამახვილოს ირანში კონფლიქტის დასრულებაზე. მისივე თქმით, ამან, შესაძლოა, შეერთებულ შტატებს საშუალება მისცეს, მეტი ყურადღება კვლავ უკრაინაზე გადაიტანოს.

„როგორც კი ეს საკითხი მოგვარდება, არსებობს შანსი, აშშ-მა მეტი ყურადღება უკრაინაზე გაამახვილოს. ჩვენი რეგიონისთვის ეს მთავარ პრობლემად რჩება“, – აღნიშნა პევკურმა.