ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი – არალეგალური მიგრაციის მიმართულებით ვითარების გაუარესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმები უკვე მომზადებულია
არალეგალური მიგრაციის მიმართულებით ვითარების გაუარესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმები უკვე მომზადებულია, – ამის შესახებ ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ ტარომ განაცხადა.
მინისტრის განცხადება ევროკავშირში სეუტასთან დაკავშირებული ვითარების განხილვის ფონზე გაკეთდა.
ამ კონტექსტში, იგორ ტაროს თქმით, ესტონეთის მთავარი გზავნილია, რომ აუცილებელია სოლიდარობის გამოჩენა და მოკავშირეებისთვის დახმარების გაწევა.
„ჩვენ კონტროლის ქვეშ უნდა ავიყვანოთ გარე საზღვარი და მასზე კონტროლი შევინარჩუნოთ. მეორე პრინციპი კი ის არის, რომ ვინმემ თუ მაინც უკანონოდ გადაკვეთა ეს საზღვარი და ქვეყანაში შეღწევა მოახერხა, ამას უნდა მოჰყვეს მისი საკუთარ ქვეყანაში ეფექტიანი გაძევებაც“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ბოლო კვირების განმავლობაში ესტონეთში 80-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი დააკავეს. თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ შენგენის ზონის შიდა საზღვრებზე კონტროლის აღდგენა უკიდურეს ზომად უნდა დარჩეს, რადგან მათი ჩაკეტვა მიგრაციულ ნაკადებს მხოლოდ სხვა ქვეყნებისკენ გადაამისამართებს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ამჟამად უკვე გაძლიერებულია კონტროლი პორტებში, აეროპორტებსა და გადაადგილების ძირითად მარშრუტებზე.
ამასთან, არსებული რესურსების სრული რეზერვი ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული. ვითარება თუ გაუარესდება, შესაბამისი უწყებები დამატებითი ზომების ეტაპობრივად ამოქმედებისთვის მზად არიან.
იგორ ტაროს განცხადებით, მიგრაციული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში ესტონეთს შესაბამისი კრიზისული გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.