ესტონეთის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე - კიევი ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ თუ დათანხმდება, უკრაინა აღარ იარსებებს, ევროპა თუ მიიღებს, რუსეთთან ომისთვის უნდა მოვემზადოთ
ესტონეთის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე - კიევი ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ თუ დათანხმდება, უკრაინა აღარ იარსებებს, ევროპა თუ მიიღებს, რუსეთთან ომისთვის უნდა მოვემზადოთ

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში წერს, რომ კიევი დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ თუ დათანხმდება, უკრაინა აღარ იარსებებს.

„უკრაინა ამას თუ მიიღებს, უკრაინა აღარ იარსებებს. ევროპა ამას თუ მიიღებს, რუსეთთან პირდაპირი ომისთვის უნდა მოვემზადოთ“, – წერს მარკო მიჰკელსონი.

ცნობისთვის, უკრაინულმა მედიამ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გამოქვეყნა. ომის დასრულების გეგმა 28 პუნქტს შეიცავს.

ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება; ამასთან, უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ნატო-ში არ შევა. გეგმის მიხედვით, ალიანსი არ გაფართოვდება და უარს იტყვის გაფართოებაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმაში“ საუბარია ტერიტორიულ საკითხებზეც. კერძოდ, ოკუპირებული ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსულ რეგიონებად; ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული ძალები კი გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.

აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.