ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ესტონელ კოლეგასთან, ურმას რეინსალუსთან.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას და მთლიანად ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ გამოხატა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

საუბრისას მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროკავშირის სტრატეგიული და ამბიციური ინიციატივისადმი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მნიშვნელობას.

დავით ზალკალიანმა კოლეგას გაუზიარა ქართული მხარის პრიორიტეტები და მოლოდინები როგორც სამიტთან, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ მიზნებთან დაკავშირებით.

მინისტრებმა მიმოიხილეს პანდემიის მხრივ მსოფლიოსა და ორ ქვეყანაში არსებული ვითარება, აღინიშნა საქართველოს შთამბეჭდავი წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და ქართული მხარის მზაობა უმასპინძლოს ტურისტებს ესტონეთიდან.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ესტონეთის ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი