ესტონეთის საგარეო უწყება - შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთში“ უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებით
ძალიან შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, „სამხრეთ ოსეთში“, უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებით, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„ესტონეთი მოუწოდებს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, შეწყვიტოს ქმედებები, რომელიც ცხადად არღვევს საერთაშორისო სამართალს და შეაჩეროს სიტუაციის გამწვავება“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.