ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩვენი ფიქრები ახლა საქართველოსთან არის
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩვენი ფიქრები ახლა საქართველოსთან არის

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულების გამო, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს.

„თანავუგრძნობთ ბათუმში, სასტუმროში ხანძრის დროს დაღუპულთა ახლობლებს. შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები ახლა საქართველოსთან არის“, – წერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ სამძიმრის ტექსტში.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.