ესტონეთის პრეზიდენტი - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მტკიცედ ვუჭერთ მხარს
ესტონეთის პრეზიდენტი - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მტკიცედ ვუჭერთ მხარს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ესტონეთის პრემიერ-მინისტრ იური რატასს შეხვდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა.

იური რატასის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს საერთო ღირებულებები აერთიანებს, ესტონეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-ს დაგეგმილი სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს, თუ რა კოორდინირებული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის დაჩქარების მიმართულებით. ბრიუსელის სამიტზე ესტონეთის დელეგაციას სწორედ პრემიერი უხელმძღვანელებს. ესტონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილს კომუნიკაცია ნატო-ს ბრიუსელის სამიტის მოსამზადებელ საკითხებთან დაკავშირებით ექვსი ქვეყნის პრეზიდენტთან ექნება.

ესტონეთის პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს, ოკუპაციას, არაღიარების პოლიტიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ესტონეთის განსაკუთრებულ თანადგომას საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ესტონეთის პრემიერთან შეხვედრაზე ასევე აღინიშნა უპრეცენდენტოდ აქტიური სექტორული თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ესტონეთის მხარდაჭერას საქართველოს საგადასახადო სისტემის განვითარების, ელექტრონული მმართველობის დანერგვის, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში გამოცდილების გაზიარების კუთხით.

საქართველოს დელეგაციამ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურა ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში რეფორმების გაგრძელების პროცესში. აღინიშნა, რომ ესტონეთის დახმარება ქართული ინსტიტუტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე და ესტონეთის გამოცდილება სექტორულ ინტეგრაციასა და ევროსტანდარტების დანერგვაში უაღრესად მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა ორი ქვეყნის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი.