ესტონეთის პრეზიდენტი - მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა შესთავაზოს ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანება, არის ის, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია
ესტონეთის პრეზიდენტი - მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა შესთავაზოს ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანება, არის ის, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია

სლოვენიაში, ქალაქ ბლედში გამართულ სტრატეგიულ ფორუმზე ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისთვის გაფართოება კვლავაც აქტუალურ საკითხად რჩება და დასავლეთ ბალკანეთის მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებზეც უნდა აისახოს.

ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარდა, არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ევროპისკენ იყურებიან და ითხოვენ, რომ ერთ დღესაც მათაც მიეცეთ შანსი.

„გაიხსენეთ საქართველო. მთავარი მიზეზი, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ არ მივუხუროთ კარი საქართველოს, არის ოკუპაცია. საქართველოს ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია და ეს გაყინული კონფლიქტიც კი არ არის. ოკუპაცია სამხრეთ ოსეთში ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ საქართველო შეძლებს, გახდეს ისეთივე კარგი რეფორმატორი ქვეყანა, როგორებიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არიან, ევროკავშირმა გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოსაც უნდა შესთავაზოს. ამ პერსპექტივაზე უარის თქმა ევროპის ნაწილზე რუსეთის გავლენის აღიარება იქნებოდა.

„თუ საქართველოს ამ პერსპექტივაზე უარს ვეუბნებით მხოლოდ იმის გამო, რომ გვეშინია რუსეთის რეაქციის, ეს არის სიგნალი, რომ კვლავაც რუსეთი გვკარნახობს, ვის შეუძლია დასავლური ორიენტაციის არჩევა და ვის არა“, – აღნიშნა კერსტი კალიულაიდმა.

ევროკავშირის გაფართოებისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა ასევე სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა. მისი თქმით, ეს საკითხი მუდმივად უნდა რჩებოდეს ევროკავშირის დღის წესრიგში. ევროკავშირმა უნდა განაგრძოს რეგიონის ქვეყნების დახმარება, რათა მათ შეძლონ გაწევრიანებისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესრულება.

​„ევროპას არ აქვს ალტერნატივა, ყოველ შემთხვევაში, კარგი ალტერნატივა, როდესაც საქმე შეეხება მშვიდობასა და სტაბილურობას“ – განაცხადა ბორუტ პაჰორმა.

დატოვე კომენტარი