ესტონეთის პრეზიდენტი - დიახ, ჩვენ ვიყენებთ ტერმინ ოკუპაციას, ოკუპაციის დასასრულებლად სტრატეგიული მოთმინებაა საჭირო
ესტონეთის პრეზიდენტი - დიახ, ჩვენ ვიყენებთ ტერმინ ოკუპაციას, ოკუპაციის დასასრულებლად სტრატეგიული მოთმინებაა საჭირო

თუ ხანდახან ლექსიკონი უცნაურია, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა არ ფიქრობს საქართველოზე, აქ არსებულ ვითარებაზე და არ სურს ვითარების შეცვლა,- ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ტერმინ ოკუპაციის დამკვიდრებაზე პირველი არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

კერსტი კალიულაიდის განცხადებით, ოკუპაციის დასასრულებლად საჭიროა სტრატეგიული მოთმინება.

ამასთან, ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის მოწინავე ქვეყანაა.

„ამ საკითხზეც გულახდილი ვიქნები. იმ პირობებშიც კი, როდესაც ბევრი ევროპაში სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს განდგომილ რეგიონებად მოიხსენიებს და არ იყენებს ოკუპაციას, როგორც ტერმინს, ევროკავშირის მისია არის ერთადერთი მისია, რომელიც მონიტორინგს უწევს აქ არსებულ ვითარებას და რეგულარულად ევროკავშირში აგზავნის სრულყოფილ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება ადგილზე და რა სირთულეებია.

ეს არის ევროკავშირის გზავნილი მსოფლიოს მიმართ. ეს სტაბილური პროცესია, ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას და ვეყრდნობით მას. ასე რომ, თუ ხანდახან ლექსიკონი უცნაურია, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა არ ფიქრობს საქართველოზე, აქ არსებულ ვითარებაზე და არ სურს ვითარების შეცვლა. ეს იგრძნობოდა ანგელა მერკელის ვიზიტის დროსაც.

დიახ, ჩვენ ვიყენებთ ამ ტერმინს. ეს არის ოკუპაცია. ოკუპაციის დასასრულებლად საჭიროა სტრატეგიული მოთმინება. მესმის გვინდა პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა, მაგრამ ხშირად ეს ასე არაა.

გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ჯერ რუსეთის მხრიდან პოზიციის ცვლილება არ ჩანს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სანქციები მუშაობს და აუცილებლად ექნება შედეგი. ყოველთვის ვამბობ, რომ აუცილებელია ვაღიაროთ და პატივი ვცეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის მოწინავე ქვეყანაა და ამას ვაღიარებთ“,- განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.