ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის და ყველა პოტენციური წევრისთვის, ვინც წევრობისთვის საჭირო პირობებს დააკმაყოფილებს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის და ყველა პოტენციური წევრისთვის, ვინც წევრობისთვის საჭირო პირობებს დააკმაყოფილებს

ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელებას, – ეს განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტალინში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ესტონეთს ნატო-ს ივლისის სამიტზე სურს, რომ ხელახლა დადასტურდეს ის პირობა, რომელიც ჩვენ საქართველოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივეცით. ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის და ყველა პოტენციური წევრისთვის, ვინც წევრობისთვის საჭირო პირობებს დააკმაყოფილებს”, – აღნიშნა იური რატასმა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ნატო-ს მიერ წარმოებულ მისიებსა და ოპერაციებში.

„ამ დროისათვის 872 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება ავღანეთში. საქართველო, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული სახელმწიფოა და ესტონეთისთვის პრიორიტეტულია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება,”- აცხადებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.

იური რატასის განცხადებით, 2015 წლის შემდეგ ესტონეთიდან საქართველო ყოველწლიურად 950 000 ევროს ოდენობის დახმარებას იღებს იმ რეფორმებისთვის, რომლებმაც ხალხის კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს.

ესტონეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და გმობს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამის წინააღმდეგაა მიმართული.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონელი კოლეგის მიწვევით ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება.