ესტონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა, „მსურველთა კოალიციის“ ინიციატივის ფარგლებში უკრაინაში სამხედროები გააგზავნოს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა, „მსურველთა კოალიციის“ ინიციატივის ფარგლებში უკრაინაში სამხედროები გააგზავნოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, შეუერთდეს „მსურველთა კოალიციის“ ძალებს. შესაბამისი განცხადება ესტონეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „მსურველთა კოალიციის“ დაგეგმვა ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა ესტონეთი მზადაა, ამ ინიციატივაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. საუბარია უკრაინაში სახმელეთო ჯარების საბრძოლო ქვედანაყოფის გაგზავნაზე, რომლის შემადგენლობაში ასამდე სამხედრო იქნება, ასევე ინსტრუქტორებსა და შტაბის ოფიცრებზე.

„რა თქმა უნდა, ქვედანაყოფის გაგზავნამდე ჩვენ რიიგიკოგუსგან (ესტონეთის პარლამენტი) მანდატს მოვითხოვთ“, – განაცხადა მიხალმა.

მიხალის თქმით, ესტონეთი კვლავ მიიჩნევს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტირების უზრუნველსაყოფად საუკეთესო საშუალება ნატო-ში გაწევრიანებაა.

„ნატო-ში გაწევრიანებას თუ დრო დასჭირდება, უკრაინას გარანტირებული უნდა ჰქონდეს შეკავებისა და თავდაცვის ზომები მოკავშირე ძალების მხრიდან, რომლებიც მის ტერიტორიაზე იქნებიან განლაგებულნი. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა. დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა, რომელიც ევროპული ოჯახის ნაწილია, წარმოადგენს საუკეთესო სტრატეგიულ გარანტიას მოსკოვის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ყველა ჩვენგანისთვის. უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია კეთილი საქმეების კეთება და არა მხოლოდ მათზე ფიქრი“, – განაცხადა მიხალმა.

ესტონეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა უკრაინაში სამხედროების გაგზავნის მზადყოფნის შესახებ.

მანამდე გამოცემა The Times-მა „მსურველთა კოალიციის“ ინიციატივის განხილვებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროპა იძულებული იქნება, მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწიოს, რათა უკრაინაში 25 000 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნოს შეკავების ძალების ფორმირებისთვის. დახურული განხილვებიდან ამ დროისთვის ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, 10 000-მდე სამხედრო მოსამსახურე გააგზავნოს უკრაინაში. საფრანგეთი კი მზადაა 5 000-დან 10 000-მდე ჯარისკაცის გასაგზავნად.