ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები - საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონი სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები - საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონი სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შეიძლება, შეარყიოს საქართველოს ხალხის მისწრაფებები, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატო-სკენ, – ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონი სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც, შეიძლება, შეარყიოს საქართველოს ხალხის მისწრაფებები, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატო-სკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის უფლებას მშვიდობიან აქციასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელშიც წერს.

„ჩვენ – ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებით. თუ საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით პროგრესი სურს, ის უნდა იცავდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტს“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ტვიტერზე“.