ესტონეთის ხელბურთელთა ნაკრების წევრი - საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი
ესტონეთის ხელბურთელთა ნაკრების წევრი - საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი

დავით მამფორია თანახმაა, ქართული მხარის  სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ამის შესახებ ესტონეთის ხელბურთელთა ნაკრების წევრმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მამფორია თბილისს ახალი ოლიმპიურ სასახლეში დაწყებულ ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ესტუმრა და „ა” ჯგუფის შეხვედრა შვეიცარიასთან (22;33), ფაქტობრივად, შეუცვლელად ითამაშა.

ესტონეთის ნაკრების წარმოშობით ქართველმა მოთამაშემ პირველი არხის კითხვას უპასუხა, ითამაშებდა თუ არა საქართველოს ნაკრებში.

„საქართველოს ნაკრებში? ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ თუკი სერიოზული ინტერესი იქნება, რატომაც არა. მამა სოხუმელია და აფხაზეთი ომის შემდეგ დატოვა. დედა ესტონელი, თავად ესტონეთში დავიბადე და სამწუხაროდ, ქართულად ვერ ვლაპარაკობ. თუმცა, საქართველოსთან კავშირი გაგვაჩნია, თბილისში წელს მეორედ ჩამოვედი და აქაურობა ძალიან მომწონს”, – ამბობს მამფორია.მან უშუალოდ ტურნირზეც ილაპარაკა.

„ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა თავის გამოვლენის კარგი შანსია. თანაც, ეს ჩემი პირველი სანაკრებო გამოცდილებაა და იმედია, ესტონეთის ნაკრები ჯგუფიდან გავა. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებსაც, რომელსაც ბუნებრივია, ვგულშემატკივრობ”,-განაცხადა მან.