ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს
ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს

ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს.

ესტონეთის მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა მთავრობის ფორმირებისთვის შეთანხმებას მიაღწიეს.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ოპოზიციური მემარჯვენე ცენტრისტული „რეფორმის პარტიის“ და მმართველი მემარცხენე „ცენტრის პარტიის“ საბჭოები დათანხმდნენ სამთავრობო კაბინეტში შესვლას, რომელსაც დანიშნული პრემიერ-მინისტრი და „რეფორმის პარტიის“ თავმჯდომარე, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

15-წევრიან მთავრობაში კალასის პრემიერ-მინისტრის პოსტის გარდა, ორივე პარტიას უნდა ჰქონდეს შვიდი პორტფელი, რომელიც 101 ადგილიან რიგიკოგუს პარლამენტში უმრავლესობას მიიღებს.

მიმდინარე თვის დასაწყისში, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა, რომელიც კალასის კაბინეტის დანიშვნას უახლოეს დღეებში აპირებს, განაცხადა, რომ ესტონეთში კორონავირუსული მდგომარეობის გაუმჯობესება და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვითარების კუთხით ნაბიჯების გადადგმა ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

კაია კალასი იურისტია. ის ევროპარლამენტის დეპუტატი იყო. კაია კალასი არის „რეფორმის პარტიის“ დამფუძნებლის, სიმ კალასის შვილი. სიმ კალასი კი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი და ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარი იყო.

ესტონეთში მთავრობის ფორმირების საკთხი მას შემდეგ დადგა, რაც „ცენტრის პარტია“ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. პრემიერ-მინისტრ, იური რატასის მთავრობა 13 იანვარს გადადგა.