ესტონეთის გენერალური შტაბის უფროსი - ზაპოროჟიეს მიმართულებით შექმნილი ვითარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყირიმის დაბრუნებაში დაეხმარება
ესტონეთის გენერალური შტაბის უფროსი - ზაპოროჟიეს მიმართულებით შექმნილი ვითარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყირიმის დაბრუნებაში დაეხმარება

ესტონეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა მარტ ვენდლამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით შექმნილი ვითარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დაბრუნების სტრატეგიული მიზნის მიღწევაში. ინფორმაციას ERR-ი ავრცელებს.

„ზაპოროჟიეს მიმართულება აშკარად დაეხმარება უკრაინელებს სტრატეგიული მიზნის მიღწევაში, რაც იქნება ყირიმის დაბრუნება, რომლის წინაპირობაა სახმელეთო კომუნიკაციების შეწყვეტა“, – განაცხადა ესტონეთის გენერალური შტაბის უფროსმა.

მან აღნიშნა, რომ „სხვა რეგიონებში, თითო რეგიონში თუ საშუალოდ 400 თავდაცვითი ნაგებობაა, ზაპოროჟიეს მიმართულებით მათი რაოდენობა იყო 1 400, რაც დაცვის სიღრმის მასშტაბზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ უკრაინის წინაშე მდგარი ამოცანა ძალიან სერიოზულია“.

მისივე თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს თავისი ყველა საშუალება რუსებზე უკეთ და ზუსტად, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს შედარებით კარგი საბრძოლო დაზვერვა, რაც ჯარების ეფექტური გამოყენების საშუალებას იძლევა.

ესტონეთის გენერალური შტაბის უფროსმა ასევე ისაუბრა რუსეთის სადესანტო გემებზე, რა დროსაც აღნიშნა: „საკმაოდ დამაიმედებელი ფაქტია, რომ 700 კმ მანძილზე რუსეთი ვერ იცავს საკუთარ სადესანტო გემს, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის უნარი, დაიცვას თავისი ინფრასტრუქტურა შავ ზღვაში, რეალურად, უსაფუძვლოა“.