ესტონეთის ელჩი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უფრო მეტად ახდენს პოლარიზაციას, ევროკავშირის მხრიდან არასდროს ყოფილა სპეციალურ კანონზე მოთხოვნა, დეოლიგარქიზაცია გულისხმობს კორუფციასთან ბრძოლას
ესტონეთის ელჩი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უფრო მეტად ახდენს პოლარიზაციას, ევროკავშირის მხრიდან არასდროს ყოფილა სპეციალურ კანონზე მოთხოვნა, დეოლიგარქიზაცია გულისხმობს კორუფციასთან ბრძოლას

ბევრი ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი თავად ახდენს ქვეყნის მეტ პოლარიზაციას, დიახ, ის კიდევ უფრო მეტად ახდენს პოლარიზაციას, თუმცა ევროკავშირის მხრიდან არასდროს ყოფილა დეოლიგარქიზაციის შესახებ სპეციალური კანონის მიღების მოთხოვნა, – ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა, რინა კალიურანდმა განაცხადა.

მისი თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართული ყველა სხვა კანონი თუ განახლდება, რეფორმირდება და გაუმჯობესდება, დეოლიგარქიზაციის შესახებ სპეციალური კანონის საჭიროება აღარ იქნება.

„ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რას ვგულისხმობთ დეოლიგარქიზაციაში. ეს არის მცდელობა, გავმიჯნოთ ფული და პოლიტიკა. ვფიქრობ, დეოლიგარქიზაცია გულისხმობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ნებისმიერი კანონმდებლობის გაძლიერებას და გაუმჯობესებას, რომელიც კორუფციის აღმოფხვრას უწყობს ხელს. როდესაც ვსაუბრობთ ამ კონკრეტულ კანონზე, ბევრი ამბობს, რომ ეს კანონი თავად ახდენს ქვეყნის მეტ პოლარიზაციას, მე ვიტყოდი, რომ დიახ, ის კიდევ უფრო მეტად ახდენს პოლარიზაციას, თუმცა ევროკავშირის მხრიდან არასდროს ყოფილა დეოლიგარქიზაციის შესახებ სპეციალური კანონის მიღების მოთხოვნა. ეს არის თავად ძალიან წინააღმდეგობრივი საკითხი და როგორც უკრაინული გამოცდილებიდან ვიცით, „ოლიგარქის“ განსაზღვრება საკმაოდ რთულია. ვფიქრობ, თუ ყველა სხვა კანონმდებლობა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ არის მიმართული, განახლდება, რეფორმირდება და გაუმჯობესდება, დეოლიგარქიზაციის შესახებ სპეციალური კანონის საჭიროება აღარ იქნება“, – განაცხადა ესტონეთის ელჩმა.