ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის
ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შესვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან მომავალ მგზავრებს, – ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ამასთან, საქართველოდან ესტონეთში გამომგზავრებისას პირი უნდა აკმაყოფილებდეს შენგენის ზონაში ლეგალურად შემოსვლის მოთხოვნებს.

„ესტონეთის საზღვრის გადმოკვეთისათვის აუცილებელი წინაპირობაა:

საზღვრის გადაკვეთისას პირს არ უნდა აღენიშნებოდეს კორონავირუსის (COVID-19) სიმპტომები;

პირი იმ ქვეყანაში, საიდანაც მოემგზავრება ესტონეთში, იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში („კოვიდ-19“-ის ინკუბაციისთვის საჭირო პერიოდი).

საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში, საიდანაც პირი შემოდის ესტონეთში, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 16 დაინფიცირებულზე მეტია, მგზავრი დაექვემდებარება ორკვირიან სავალდებულო თვითიზოლაციას“, – ნათქვამია ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ესტონეთში მოგზაურობისათვის მთავრობის მიერ დადგენილი განახლებული ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ვებგვერდზე.

დატოვე კომენტარი