ესტონეთი 18 აგვისტოდან რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტურისტული ვიზების გაცემას შეწყვეტს
ესტონეთი 18 აგვისტოდან რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტურისტული ვიზების გაცემას შეწყვეტს

ესტონეთი 18 აგვისტოდან რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ტურისტული ვიზების გაცემას შეწყვეტს. შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ესტონეთის ხელისუფლებამ ერთი კვირის წინ მიიიღო, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ქვეყანაში შესვლა აეკრძალება რუსეთის იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც ესტონეთის საკონსულოს მიერ გაცემული შენგენის მოქმედი ვიზა აქვთ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ასეთია რუსეთის 50 ათასამდე მოქალაქე.

„ჩვენ შევზღუდავთ შენგენის ყველა ვიზას, რომელიც ამჟამად მოქმედია, ჰუმანიტარული და ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებული მიზნებით გაცემული ვიზების გარდა“, – განუცხადა „როიტერს“ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ. მისი თქმით, მთავრობა გინიხილავს რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ესტონეთ-რუსეთის საზღვრის მთლიანად დახურვას.

გამონაკლისი იქნება დაშვებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ესტონეთში ყოფნის ვადა ერთი წლით გაახანგრძლივონ.

ყოველდღიურად ესტონეთში რუსეთის 2 500 მოქალაქე გადადის, მათი დაახლოებით ნახევარი შენგენის ვიზით.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსულ საზოგადოებას ასევე ეკისრება პასიური მორალური პასუხისმგბელობა იმ სისასტიკეებზე, რაც უკრაინულ მიწაზე ხდება. სამართლებრივი პასუხისმგებლობა პუტინზე, მასთან დაახლოებულ წრეზე და ამ გენოციდის შემსრულებლებზეა. თუმცა, რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება ამ სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.