ესტონელი პოლიტიკოსები სურსათზე დღგ-ის შემცირებას ლატვიაში საკვებ პროდუქტებზე ფასების კლების შემდეგაც ეწინააღმდეგებიან

16:43, 13.11.2026
მომხმარებელი ესტონური სუპერმარკეტის სალაროსთან სასურსათო პროდუქტის საფასურს იხდის

მომხმარებელი ესტონური სუპერმარკეტის სალაროსთან სასურსათო პროდუქტის საფასურს იხდის

სურსათზე დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) შემცირების ექსპერიმენტის შემდეგ, ლატვიაში ფასებმა დაიწია და გაყიდვები გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ესტონელი პოლიტიკოსები თავის ქვეყანაში ანალოგიური ნაბიჯის გადადგმაზე ვერ თანხმდებიან.

ლატვიის გადაწყვეტილებამ, გარკვეულ სასურსათო პროდუქტებზე დღგ შეემცირებინა, ფასების კლება და გაყიდვების ზრდა გამოიწვია. გამოცემა „პოსტიმეესის“ ცნობით, ამის შესახებ კომპანია „რიმი ლატვიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალდის ტურლაისმა ესტონეთის ვაჭრობის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.

1 ივლისიდან ლატვიაში პურისა და პურპროდუქტების, რძის, კვერცხისა და ახალი ქათმის ხორცის გაყიდვაზე დღგ-ის შემცირებული, 12-პროცენტიანი განაკვეთი მოქმედებს. ეს საპილოტე პროექტის ნაწილია, რომელიც 2027 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ, თეორიული გათვლებით, გადასახადის შემცირებას საცალო ფასები 7.44 პროცენტით უნდა დაეწია, ლატვიის კონკურენციის საბჭოს მონაცემებით, სექტემბრისთვის ოთხივე კატეგორიის პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 8.32 პროცენტით შემცირდა.

ვალდის ტურლაისის განცხადებით, სავაჭრო ქსელში იმ პროდუქტების გაყიდვის მოცულობა, რომლებზეც დღგ-ის შემცირებული განაკვეთი გავრცელდა, ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12-20 პროცენტით გაიზარდა. ამის გამო, ზოგიერთი პროდუქტის მომწოდებელს გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს.

თუმცა, მსგავსი ღონისძიების ესტონეთში გატარებას პარტია „რეფორმების“ წევრი პოლიტიკოსი, აივარ სიორდი ეწინააღმდეგება. მისი არგუმენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, სურსათზე დღგ-ის შემცირება თავიდანვე მცდარი მიდგომაა.

სიორდის განცხადებით, ძირითადი საკვები პროდუქტებისთვის დღგ-ის 13 პროცენტამდე შემცირება სახელმწიფოს ყოველწლიურად 100-120 მილიონი ევრო დაუჯდება, ამასთან, ასეთი შეღავათით, უფრო მეტად, შეძლებული ოჯახები ისარგებლებენ.

ცალკე სურსათზე დღგ-ის შემცირებული განაკვეთის დაწესებას პარტია Parempoolsed-ის („მემარჯვენეების“) ლიდერი, ლავლი პერლინგიც ეწინააღმდეგება. ამის ნაცვლად, იგი დღგ-ის საერთო განაკვეთის შემცირებას ემხრობა, რაც მ„ომხმარებლებს ყველა სახის შენაძენზე მოუტანს სარგებელს“.

პარტია „ისამაას“ (Isamaa) ლიდერი, ურმას რეინსალუ კი პირობას დებს, რომ თუ მომდევნო არჩევნებში მისი პარტია შესაბამისი რაოდენობის მანდატებს მოიპოვებს, 2027 წლის პირველი ივლისისთვის ძირითად საკვებ პროდუქტებზე დღგ-ს შეამცირებს.

გაზეთ „პოსტიმეესის“ ინფორმაციით, სურსათზე დღგ-ის შემცირებას კიდევ სამი პარტიის წარმომადგენელი უჭერს მხარს – პარტია EKRE-ს წევრი, სიიმ პოჰლაკი, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ლაური ლიაენემეტსი და „ცენტრისტული პარტიის“ თავმჯდომარე, მიხაილ კოლვარტი.

ესტონეთში დღგ-ის თითქმის საყოველთაო 24-პროცენტიანი განაკვეთი მოქმედებს. გამონაკლისი მხოლოდ სასტუმროებში განთავსების მომსახურებას (13 პროცენტი), ასევე წიგნებს და მედიკამენტებს (9 პროცენტი) ეხება.

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR) ახალი ამბების სამსახური

ფოტოს ავტორი: პრიიტ მიურკი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR -Eesti Rahvusringhääling)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი, 2026 წელი, 14:46 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი