ესტონელი დეპუტატი ერიკ-ნილს კროსი – საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ, ფუნქციონირებს თუ არა თავად ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტები?
ჩვენ დღეს განვიხილავთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას და, გულწრფელად რომ ვთქვა, ანგარიშს უნდა ერქვას „დემოკრატიული ინსტიტუტების არაფუნქციონირება“, რადგან რეალურად სწორედ ასეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ესტონელმა დეპუტატმა, ერიკ-ნილს კროსმა განაცხადა.
ერიკ-ნილს კროსმა ევროპის საბჭოს სხდომაზე, სადაც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და მათი შესრულების მონიტორინგის კომიტეტის მიერ „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ“ მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ, განაცხადა, რომ 2024 წლის ივნისის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე ხუთი რეზოლუცია მიიღო, ხოლო დღევანდელი უკვე მეექვსეა.
„ვიდრე ანგარიშზე ვისაუბრებ, არის საკითხი, რომელიც, ჩემი აზრით, ყოველთვის უნდა ითქვას, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოზე საუბრობს: ელენე ხოშტარია და საქართველოს რეჟიმის ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათი გათავისუფლება უნდა იყოს წინაპირობა ნებისმიერი დიალოგის, თანამშრომლობისა და ნებისმიერი ევროპული ჩართულობისთვის საქართველოში. დღეს კი, ჩვენ განვიხილავთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას და, გულწრფელად რომ ვთქვა, ანგარიშს უნდა ერქვას „დემოკრატიული ინსტიტუტების არაფუნქციონირება“, რადგან რეალურად სწორედ ასეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე.
2024 წლის ივნისის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე ხუთი რეზოლუცია მიიღო, ხოლო დღევანდელი უკვე მეექვსეა. საქართველოს ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, არაფერი გააკეთა ასამბლეის მოთხოვნების შესასრულებლად. უფრო მეტიც, როგორც უკვე მოვისმინეთ, ვითარება საპირისპირო მიმართულებით განვითარდა. რას ვითხოვდით ჩვენ არაერთხელ? უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმებას; უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის გაუქმებას; ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმას; პოლიციის მხრიდან ძალადობისა და წამების შეწყვეტას;
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას; საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ შურისძიებით მოტივირებული სამართლებრივი დევნის დასრულებას; ახალი, ნამდვილი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებისთვის პირობების აღდგენას; საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც მიუკერძოებლობასა და პლურალიზმს აზიანებს; სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას; საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაშინების შეწყვეტას; ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე უარის თქმას;
და ბოლოს, ევროპის საბჭოსთან, PACE-ის მონიტორინგის მექანიზმთან და ვენეციის კომისიასთან სრული თანამშრომლობის აღდგენას. არცერთი ეს მოთხოვნა არ შესრულებულა. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ამიტომ, ჩემი მთავარი გზავნილი დღეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება – ის ევროპის საბჭოსაც ეხება“, – აღნიშნა ესტონელმა დეპუტატმა.
მისივე თქმით, საქართველო უარს ამბობს ასამბლეაში დელეგაციის გაგზავნის ვალდებულების შესრულებაზე.
„მოითხოვს, ჩვენ გავაუქმოთ ის პირობები, რომლებიც მისი მანდატების რატიფიცირებისთვის დავაწესეთ. არსებითად, ის ცდილობს ამ ასამბლეის შანტაჟს და ჯერჯერობით ჩვენ ამას რეალურად, ვუშვებთ. ამიტომ, როდესაც საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ, ფუნქციონირებს თუ არა თავად ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტები? 2025 წლის ოქტომბერში ამ ასამბლეამ მოუწოდა ევროსაბჭოს ორგანოებს, გამოეყენებინათ ყველა არსებული მექანიზმი, მათ შორის კონვენციის 52-ე მუხლი. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეუძლია და უნდა მოსთხოვოს საქართველოს წერილობითი განმარტება, რამდენად შეესაბამება მისი კანონები კონვენციას. 17 ივნისს ევროპარლამენტმა სრულად დაუჭირა მხარი ამ მოწოდებას და კვლავ მოუწოდა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ეს ნაბიჯი გადადგან. ირონია ის არის, რომ ჩვენ თვითონაც არ შეგვისრულებია ეს მოწოდება. ორშაბათს გენერალურ მდივანს ვკითხე, რატომ არ გაკეთდა ეს. რეალური პასუხი ვერ მივიღე. დღეს ამ რეზოლუციაში კვლავ ვიმეორებთ ამ მოთხოვნას და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამჯერად მაინც მოგვისმენენ, რადგან ჩვენი ორგანიზაცია თუ არ უსმენს ამ ასამბლეას, რატომ უნდა უსმენდეს მას ვინმე სხვა, მათ შორის საქართველოც?“, – აღნიშნა ესტონელმა დეპუტატმა.