ესტონელი დეპუტატი ერიკ-ნილს კორსი - საქართველოში არსებულ ვითარებაზე ახლა თუ არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით, სიჩუმე ნეიტრალიტეტი აღარ არის, სიჩუმე ღალატია
საქართველოში არსებულ ვითარებაზე ახლა თუ არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით. სიჩუმე ნეიტრალიტეტი აღარ არის, სიჩუმე ღალატია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ესტონელმა დეპუტატმა, ერიკ-ნილს კროსმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ზღვარზეა, რომ შემდგომი დაპყრობილი ერი გახდეს, როგორც დღეს ბელარუსია და მანამდე ნახევარი ევროპა იყო.
„ჩემი სიტყვა მათთვის არ იქნება, ვისაც სუსტი გული აქვს, მაგრამ საქართველოში დღევანდელი ვითარებაც ასეთია. კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, ვიდრე რეალურად ჩავერთვებით და რამეს გავაკეთებთ? მოვლენებს სწორი სახელი დავარქვათ. თავი ავარიდოთ გამოთქმას – „დემოკრატიულ უკუსვლას“, ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ არ არის. რეალურად რასაც ვუყურებთ, არის რუსული სტილის, რუსეთის მიერ მართული და რუსეთის დახმარებით საქართველოს დაპყრობა. ჩვენ წინაშე ეს სახელმწიფოს მიტაცებაა ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც მოსკოვის მიერ შთაგონებული და მართულია.
ქართველი ხალხი, 200 დღეზე მეტია, მშვიდობიანად მართავს დემონსტრაციებს ევროპული დროშების ქვეშ. არცერთი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. და ჩვენ რა გავაკეთეთ? იანვარში ამ ასამბლეამ ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინა პირობებით. ოთხი მთავარი პირობა იყო: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შეჩერება, საპოლიციო ძალადობის გამოძიება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება. პასუხი იყო ის, რომ „ქართული ოცნების“ დელეგაციამ ასამბლეა დატოვა, ვინაიდან მათი „გრძნობები იქნა შეურაცხყოფილი“ და რეჟიმმა ესკალაცია დაიწყო. საერთოდ არავითარი პირობების დაკმაყოფილება. პირიქით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ საქართველოს – დემოკრატიიდან დიქტატურისკენ. მხოლოდ ამ კვირას შვიდი ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს, მათ აეკრძალათ პოლიტიკური აქტივობა, რაც ნიშნავს, რომ არ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა. ზოგიერთი მათგანი უკვე ახსენეს აქ და კიდევ ერთს დავასახელებ – გივი თარგამაძე. მას უკვე გამოუტანეს დაუსწრებლად განაჩენი ბელარუსში, მის წინააღმდეგ ბრალდებებია რუსეთში.
ახლა თუ არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით. სიჩუმე ნეიტრალიტეტი აღარაა, სიჩუმე ღალატია. დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ – მინისტრების, პარლამენტარების, მოსამართლეებისა, პოლიციის, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახების წინააღმდეგ. ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მოვუწოდებთ, თანამდებობები დატოვონ და ხალხს შეუერთდნენ. საქართველო ზღვარზეა, რომ შემდგომი დაპყრობილი ერი გახდეს, როგორც დღეს ბელარუსია და მანამდე ნახევარი ევროპა იყო. ეს რუსეთისა და „რუსკი მირის“ გამარჯვება, ევროპისა და ამ ასამბლეის მარცხი იქნება“, – განაცხადა ესტონელმა დეპუტატმა.