ესპანური პრესა - კატალონიის პოლიციამ „ქართული მაფიის“ წევრები დააკავა, ამოღებულია 130 000 ევრო [ვიდეო]

კატალონიის პოლიციამ „ქართული მაფიის“ 15 წევრი დააკავა. მათ ბრალად ედებათ ბარსელონასა და ქალაქის შემოგარენში ათეულობით ბინისა და სახლის გაქურდვა.

გამომძიებლების ინფორმაციით, დაკავებული პირები ორი კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. 5 და 6 სექტემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ამოღებულია 130 000 ევრო, 2 კილოგრამი ოქროს ნაკეთობები, ელექტროტექნიკა და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ხელსაწყოები.

ესპანური პრესის ცნობით, კრიმინალური ჯგუფების წევრები ყოველთვის ერთნაირი ტაქტიკით მოქმედებდნენ. კერძოდ, პირველ ეტაპზე არჩევდნენ სახლებს, შემდეგ კარებზე სპეციალურ ნიშნებს ტოვებდნენ, რათა გაეგოთ, არიან თუ არა სახლში მეპატრონეები.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, დაკავებულებს შორის არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც სახლების გაქურდვაში ბრალდებულების ქმედებების კოორდინაციას უწევდა. ის 53 წლის მამაკაცია, რომელსაც რუსეთში სხვადასხვა დანაშაულში ედება ბრალი. სავარაუდოდ, ბრალდებული ესპანეთში ყალბი პასპორტით ჩავიდა და ხელმძღვანელობდა კრიმინალურ ჯგუფებს ალიკანტესა და სევილიაშიც.

გამომძიებლები ასევე ამბობენ, რომ ესპანეთში მოქმედი დამნაშავეები ხშირ შემთხვევაში ბრძანებებს საფრანგეთის ციხეებში მყოფი მეთაურებისგან იღებდნენ, სადაც „ქართული მაფიის“ ათეულობით წევრი იხდის სასჯელს.

სამართალდამცვები ამბობენ, რომ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, რომელიც ასევე დაკავებულია, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდია“.

დაკავებულებს სულ 22 დანაშაულში ედებათ ბრალი. თუმცა, კატალონიის პოლიციაში აცხადებენ, რომ მათ ბრალი შესაძლოა კიდევ დაუმძიმდეთ. პოლიცია ასევე განაგრძობს დაპატიმრებული პირების თანამზრახველების ძებნას.

ვიდეომასალაში, რომელიც ესპანურმა პრესამ გაავრცელა, ჩანს გოჩა მაისურაძე, მეტსახელად „გოგიტა“, რომელიც ესპანური მედიის ცნობით, კატალონიაში ჟერარდ პიკესა და შაკირას სახლის გაქურდვაშია ბრალდებული.