ესპანური მედიის ინფორმაციით, სერხიო რამოსი „სევილიაში“ ითამაშებს #1TVSPORT
ესპანური გამოცემის, Cadena SER-ის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული სერხიო რამოსი საფეხბურთო კარიერას ესპანურ „სევილიაში“ გააგრძელებს.
37 წლის რამოსს პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება ამოეწურა და მხარეებმა ერთმანეთთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. ესპანელი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 2021 წლის ზაფხულიდან ირიცხებოდა.
ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრის ჩამტარებელი სერხიო რამოსი ევროპა ლიგის შვიდგზის გამარჯვებული „სევილიის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. მან ანდალუზიელთა რიგები 2005 წელს დატოვა და კარიერა მადრიდის „რეალში“ გააგრძელა, სადაც გუნდის ლეგენდად იქცა. რამოსმა „სამეფო კლუბის“ რიგებში ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ხუთჯერ – ლა ლიგა.
„სევილიის“ ახალი სპორტული დირექტორი ვიქტორ ორტა მიიჩნევს, რომ რამოსის დამატებით გუნდის დაცვის ხაზი კიდევ უფრო ძლიერი გახდება. ესპანელი მცველი კარიერის მანძილზე 11-ჯერ დაასახელეს ფიფა-ს წლის სიმბოლურ გუნდში. მან ასევე ხუთჯერ მოიპოვა ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მცველისთვის განკუთვნილი ჯილდოც. ესპანეთის ნაკრებთან ერთად სერხიო რამოსი – ორჯერ ევროპის, ხოლო 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.