ესპანური გამოცემა - კვარაცხელიას ბოლო გაჩერება „რეალი“ ან „ბაიერნია“, მანამდე შუალედური კლუბი დასჭირდება #1TVSPORT
Estadio Deportivo-ს ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთთან თამაშისა და გატანილი გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შეტევის ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას წამყვან ევროპულ ლიგაში გადასვლა დროის საქმეა. ავტორი დარწმუნებულია, რომ კვარაცხელიას დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ყველა თვისება გააჩნია.
„ესპანეთთან საქართველოს მარცხის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელიამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და დაადასტურა, რომ შემდეგი ნაბიჯებისთვის მზად არის. მან აქტიურობით თავი ძალიან გამოიჩინა. კვარაცხელიამ შესვენებამდე პედრო პოროს პოზიციური შეცდომით ისარგებლა და აუტსაიდერის სასარგებლოდ (1:0) გაიტანა. 20 წლის ფეხბურთელმა ამ მატჩში შესანიშნავი თამაში აჩვენა და მარცხენა ფლანგიდან მწვავედ უტევდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.
დიდი ხანია, არაერთმა პერსპექტიულმა კლუბმა ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი შეამჩნია. კვარაცხელიას შესანიშნავი ტექნიკა და საბაზისო კარგი სიჩქარე მას თანამედროვე თავდამსხმელის პროტოტიპად აქცევს. ქართველი დუელებში ინდივიდუალურად მონაწილეობას ბედავს და სხვადასხვა ფინტების სიმრავლით გვაოცებს. ქართველი მოთამაშე შემდეგი ნაბიჯისთვის ნამდვილად მზად არის“, – წერს Estadio Deportivo.
თუმცა, ავტორის აზრით, გრანდამდე ქართველ ტალანტს შუალედური დონის კლუბში თამაში დასჭირდება.
„ზაფხულში მისი გზა უმაღლესი ევროპული ლიგებისკენ მიდის. მისი ხელშეკრულება რუსულ კლუბთან ძალაში 2024 წლამდეა. თუ მისი მრჩეველი მამუკა ჯუღელი თავისას მიაღწევს, თავდამსხმელი, რომელიც ორივე ფეხს იყენებს, ადრე თუ გვიან ელიტაში ითამაშებს. ჯუღელი კი დარწმუნებულია, რომ კვარაცხელია „რეალში“ ან „ბაიერნში“ აღმოჩნდება, სავსებით შესაძლებელია, გრანდებამდე შუალედური ნაბიჯი გადადგას ერთი სართულით დაბლა მდგომ ამბიციურ კლუბში, სანამ ვარსკვლავებამდე მივა. ყაზანში ქართველის მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის თქმით, კვარაცხელიამ შუალედური ნაბიჯი უნდა გადადგას რუსეთის პირველობასა და დიდ ჩემპიონატს შორის, რადგან დარწმუნებულია, რომ მისი ასაკი და ნიჭი ამის საშუალებას მისცემს. ეს ნაბიჯი იქნება ისეთ კლუბში მოხვედრა, როგორებიც არიან „სევილია“, „ატალანტა“ ან ლევერკუზენის „ბაიერი“, ანუ ისეთი კლუბი, სადაც გარანტირებულად ითამაშებს. ვინ იცის, იქნებ შემდეგ სეზონში მან ბუნდესლიგის მცველების წინააღმდეგ ითამაშოს. ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ ყველაფერი გამოჩნდება“.