„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელიას გაყიდვა ჩემი ამოცანა არაა #1TVSPORT
„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელიას გაყიდვა ჩემი ამოცანა არაა #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი „სპორტ ექსპრესთან“ საუბარში კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა.

28 მარტს, „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთის წინააღმდეგ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-2 ტურის თამაშში გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. რუსული გამოცემა დაინტერესდა, ეს გოლი 20 წლის ფეხბურთელის ფასს ხომ არ გაზრდის.

ამ დროს „რუბინის“ ხელმძღვანელმა თავისივე ძველი დაპირებების საწინააღმდეგოდ განაცხადა, რომ მისი მიზანი ქართველი მოთამაშის გაყიდვა არაა.

„ამის შემდეგ გაიზარდა თუ არა მისი ფასი? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. სატრანსფერო ფასებს თვალყურს არ ვადევნებ. ჩემთვის ხვიჩა ჩვენს ძირითად შემადგენლობაში მყარად დამკვიდრებული მოთამაშეა. მისი წარმატებებით ძალიან ბედნიერი ვარ. მომწონს, კარიერა ნაბიჯებს წინ რომ დგამს. და რატომ უნდა გაიზარდოს მისი სატრანსფერო ფასი? ჩემი ამოცანა არაა, რომ კვარაცხელია გავყიდო. ჩემი ამოცანაა, ის „რუბინში“ შევინარჩუნო და დავრწმუნდე, რომ ის ჩემთან რაც შეიძლება დიდხანს ითამაშებს”, – განაცხადა საიმანოვმა „სპორტ ექსპრესთან“ .