ესპანური გამოცემა - ბარახა „ვალენსიაში“ ცვლილებებს გეგმავს, მაგრამ მამარდაშვილი ხელშეუხებელია #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - ბარახა „ვალენსიაში“ ცვლილებებს გეგმავს, მაგრამ მამარდაშვილი ხელშეუხებელია #1TVSPORT

„ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი რუბენ ბარახა მუშაობას უკვე შეუდგა და შემადგენლობაში ცვლილებებზე ფიქრობს, თუმცა მეკარე გიორგი მამარდაშვილი მისთვის ხელშეუხებელია, – ამის შესახებ გამოცემა ElDesmarque წერს.

ბარახამ „ვალენსია“ უმძიმესი კრიზისის დროს ჩაიბარა, მაგრამ მკაფიო მიზანი აქვს – „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ადგილი უნდა შეინარჩუნოს. გავაანალიზეთ, როგორ თამაშობდნენ ბარახას გაწვრთნილი გუნდები და ვვარაუდობთ, რომ მომდევნო ტურში, „ხეტაფესთან“ ბარახა გუნდს 4-4-2 სქემით ათამაშებს. ის მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში უპირატესობას ამ განლაგებას ანიჭებს, შესაძლოა, პერიოდულად ის 4-2-3-1 სქემით შეიცვალოს“, – წერს გამოცემა.

„ვალენსია“ ლა ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას 21 თებერვალს სტუმრად „ხეტაფესთან” გამართავს. გამოცემამ „ვალენსიას“ სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა და ამტკიცებს, რომ ახალი მწვრთნელი ცვლილებას რამდენიმე პოზიციაზე განიხილავს, გარდა მეკარისა – „ვალენსიაში“ საუკეთესო რეიტინგი დღესდღეობით გიორგი მამარდაშვილს აქვს.

ბარახას სქემის მიხედვით, გიორგი მამარდაშვილი კარში შეუცვლელია. ფლანგებზე ტიერი და გაიაც უკონკურენტოები არიან, მაგრამ ბევრ სხვა პოზიციაზე ცვლილებებია მოსალოდნელი“, – წერს გამოცემა.