ესპანეთში საყოველთაო გაფიცვის დროს 26 ადამიანი დააკავეს, რამდენიმე ქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა
ესპანეთში საყოველთაო გაფიცვა რამდენიმე ქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებით მიმდინარეობს. ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სულ მცირე, 26 ადამიანია დაკავებული, რამდენიმე დაშავებულს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ყველაზე მეტი, 13 ადამიანი, ბასკეთის რეგიონში დააკავეს. დაკავებები განხორციელდა ასევე ვალენსიაში, ალიკანტეში, გრანადაში, მადრიდსა და სხვა ქალაქებში.
მადრიდის საბითუმო ბაზართან, „მერკამადრიდთან“ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. პროფკავშირების ცნობით, 13 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. პროფკავშირი სამართალდამცველების ქმედებების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
ბარსელონაში დემონსტრანტებმა საბურავები დაწვეს და საბითუმო ბაზრის, „მერკაბარნას“ შესასვლელები გადაკეტეს. საპროტესტო აქციების გამო კატალონიაში შეფერხდა მოძრაობა ავტომაგისტრალებზე, ასევე ბარსელონის შემოვლით გზაზე. გზები გადაიკეტა მადრიდშიც.
გაფიცვამ გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სამრეწველო საწარმოების მუშაობაზე. შეფერხებები დაფიქსირდა მადრიდის ავტოპარკის მუშაობაში, მალაგის სატრანსპორტო კომპანიასა და გრანადის მეტროში.
პროფკავშირების ინფორმაციით, გაფიცვაში მონაწილეობა რეგიონებისა და სექტორების მიხედვით განსხვავებულია. ანდალუსიასა და არაგონში დასაქმებულთა მონაწილეობა 75 პროცენტს აღწევს, ხოლო ექსტრემადურასა და კასტილია-ლა მანჩაში 41 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, დამსაქმებელთა გაერთიანება CEOE აცხადებს, რომ ქვეყნის უმეტეს რეგიონსა და ეკონომიკურ სექტორში საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
გაფიცვის ორგანიზატორები, პროფკავშირების CCOO-სა და UGT-ის ხელმძღვანელები – უნაი სორდო და პეპე ალვარესი საპროტესტო აქციას წარმატებულად აფასებენ. მათი განცხადებით, მონაწილეობამ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა სხვადასხვა რეგიონსა და სექტორში გაფიცვის მასშტაბი განსხვავებულია.
პროფკავშირების ლიდერები პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ.
ცნობისთვის, ესპანეთში 11 ნოემბრის საყოველთაო გაფიცვა ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველ მასშტაბურ ერთობლივ საპროტესტო მობილიზაციას წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ორმა უმსხვილესმა პროფკავშირმა გამოაცხადა. მონაწილეები საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ღირსეულ ანაზღაურებასა და ხარისხიან საჯარო მომსახურებას მოითხოვენ.
ესპანეთში 29 ნოემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.