ესპანეთში საქართველოს საელჩომ, ესპანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელ RTVE-სთან თანამშრომლობით, Eurovisión Junior 2025-ის ესპანელ მონაწილე გონსალო პინილოსთან საზეიმო შეხვედრა გამართა
ესპანეთში საქართველოს საელჩომ, ესპანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელ RTVE-სთან თანამშრომლობით, Eurovisión Junior 2025-ის ესპანელ მონაწილე გონსალო პინილოსთან საზეიმო შეხვედრა გამართა

ესპანეთში საქართველოს საელჩომ RTVE-სთან თანამშრომლობით კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიება 27 ნოემბერს გაიმართა და მიეძღვნა ესპანეთის წარმომადგენლის, გონსალო პინილოსის მონაწილეობას Junior Eurovision 2025-ის კონკურსში, რომელიც 13 დეკემბერს თბილისში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობთ, ღონისძიება გონსალო პინილოსი საქართველოში გამგზავრებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერი და გადამღები ჯგუფი, ესპანელი და ქართველი მოზარდები და ახალგაზრდები. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცება მუსიკის, კულტურული გაცვლისა და ფესტივალის საერთო კონცეფციის გამოყენებით.

შეხვედრის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ ესპანეთის საკონკურსო ნომერს Junior Eurovision“-ზე. ასევე, მათ გაუზიარეს ერთმანეთს არსებითი ინფორმაცია მასპინძელი ქვეყნის შესახებ და მიირთვეს ტრადიციული ქართული კერძები.

ღონისძიებაზე გონსალო პინილოსმა წარმოადგინა საკუთარი სიმღერის, „იყო და არა იყო რა“, ა კაპელა ვერსია. ეს არის ესპანურენოვანი კომპოზიცია ინგლისური და ფრანგული ფრაგმენტებით, რომელიც კითხვისა და მუსიკალური გამომსახველობის მეშვეობით წარმოსახვის ძალას უსვამს ხაზს.

გონსალო მოიხმობს მხატვრულ პერსონაჟებსა და ლიტერატურულ სამყაროს, მაგალითად, ნარუტო, ასტერიქსი და ობელიქსი, ისადორა მუნი, ლილიპუტი, ნარნია.მ სიმღერის ძირითად გზავნილს წარმოადგენს ოპტიმიზმით გაჯერებული და უნივერსალური ფრაზა: „ყველაფერი შესაძლებელია“ (Everything is possible).

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩის, ალექსანდრე ჭკუასელის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსს მისი მშობლიური ქალაქი, თბილისი მასპინძლობს.

„ძალიან გვიხარია, რომ ესპანეთის წარმომადგენელს თბილისის მონახულების შესაძლებლობა მიეცემა. ქართული მუსიკა ქვეყნის კულტურის, ტრადიციისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია.“ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, დიდ წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილეს“, – განაცხადა ჭკუასელმა.

ესპანეთში საქართველოს საელჩომ გონსალო პინილოსს საზეიმო სიურპრიზი მოუწყო აჭარული ცეკვის სახით, რომელიც ანსამბლ GEORGIA-ს მოცეკვავეებმა შეასრულეს.  პინილოსს ელჩმა საჩუქრად ფაფახი გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამჟამინდელმა წარმომადგენელმა, ანა აბგარიანმა ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო, მან ოფიციალური მისალმება გამოუგზავნა თავის ევროვიზიელ კოლეგას.

„ევროვიზიაზე“ ესპანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სესარ ვალიეხომ ხაზი გაუსვა RTVE-ის ერთგულებას მუსიკალური ხელოვნებისა და ბავშვთა ფუნდამენტური ღირებულებებისადმი.

„ჩვენი შეფასებით, გონსალოს სიმღერას აქვს განსაკუთრებული ტექსტუალური შინაარსი, რომელიც უმთავრესად აფუძნებს და აფასებს კითხვისა და წარმოსახვის მნიშვნელობას. გონსალო მაყურებელს შესთავაზებს მნიშვნელოვან პერფორმანსს, რომელიც გააოცებს და შთაგაგონებთ“, – განაცხადა ვალიეხომ.

RTVE-ის კომუნიკაციის დირექტორმა, მარია ეისაგირემ, მაყურებლებს შეახსენა, რომ თბილისში გამგზავრება სულ რაღაც ერთ კვირაში იწყება.

„გონსალო მზად არის და დიდი ენთუზიაზმით არის განწყობილი. დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, განგვემტკიცებინა კავშირები მასპინძელ ქვეყანასთან, საქართველოსთან და უკეთ გაგვეცნო მისი კულტურა და ტრადიციები. ყველაფერი შესაძლებელია,“ — განაცხადა ეისაგირემ.

გონსალო პინილოსის თქმით, მან მასპინძელი ქვეყნისგან დიდი მხარდაჭერა და სითბო იგრძნო.

„ძალიან მინდა თბილისში ჩასვლა. წავიღებ ბევრ ქურთუკს, ჩემს ახალ ქართულ ქუდს და ერთ წიგნს, თუმცა ვფიქრობ, კითხვისთვის ბევრი დრო არ მექნება,“ – აღნიშნა პინილოსმა.

„ამ შეხვედრით, RTVE-მ და საქართველოს საელჩომ განამტკიცეს კულტურული თანამშრომლობის, კრეატიულობისა და მრავალფეროვნების ღირებულებებისადმი თავიანთი ერთგულება, რასაც „საბავშვო ევროვიზია“ უწყობს ხელს. ღონისძიებამ ხაზი გაუსვა საბავშვო ფესტივალის შესაძლებლობას, დააკავშიროს ახალგაზრდები მუსიკისა და წარმოსახვის მეშვეობით, განსაკუთრებით იმ წელს, რომელიც საქართველოსთვის, როგორც კონკურსის მასპინძელი ქვეყნისთვის, განსაკუთებით მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.