ესპანეთში მონარქიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ესპანეთში მონარქიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ესპანეთში მონარქიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მადრიდში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

მონარქიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ესპანეთის დედაქალაქში მას შემდეგ გაიმართა, რაც ესპანეთის ყოფილმა მეფემ, ხუან კარლოს მეორემ კორუფციული სკანდალის ფონზე ქვეყანა დატოვა.

ყოფილმა მეფემ ქვეყნის დატოვების გეგმების შესახებ ორშაბათს განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ პროკურორებს მისი დაკითხვა დასჭირდებოდათ, ის ხელმისაწვდომი იქნებოდა. ყოფილი მონარქი რაიმე დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

ხუან კარლოსმა 2014 წელს თითქმის 40-წლიანი მმართველობის შემდეგ ტახტი დატოვა და მონარქობა მის ვაჟს, ფილიპეს გადააბარა. ამას წინ უძღოდა კორუფციული სკანდალი და გამოძიება, რომელშიც მისი სიძე ფიგურირებდა. ასევე, ესპანეთში მწვავე ფინანსური კრიზისის დროს ხუან კარლოსის აფრიკაში, სპილოებზე სანადიროდ გამგზავრება.

ივნისში კი ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ წინასწარი გამოძიება დაიწყო ჩქაროსნული რკინიგზის კონტრაქტში ხუან კარლოსის სავარაუდო ჩართულობასთან დაკავშირებით. შვეიცარიული მედია წერდა, რომ ხუან კარლოსმა 100 მილიონი დოლარი მიიღო საუდის არაბეთისგან, რომელთანაც მაგისტრალის მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა.