ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 120-ს მიაღწია
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 120-ს მიაღწია

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 120-ს მიაღწია.

ამის შესახებ გამოცემა „ელ პაისი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, დაავადების მსხვერპლთა რაოდენობა 36-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 4 200 ადამიანი.

იტალიის შემდეგ ესპანეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მიხედვით ევროპაში მეორე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ 12 მარტს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაოცხადება არ გამორიცხა.

მანამდე ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ბასკეთის რეგიონულმა ხელისუფლებამ.

მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ, ესპანეთის ოთხ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კერძოდ, ჩაიკეტა ბარსელონადან ჩრდილოეთით, 49 კილომეტრში მდებარე სოფელ იგუალადას გარშემო მდებარე ოთხი ქალაქი.

სწორედ აღნიშნულ რაიონში დაფიქსირდა დაავადების შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

კატალონიის რეგიონული მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კარანტინი შეეხო დაახლოებით 70 000 ადგილობრივ მცხოვრებს.

ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე სულ მცირე ორი კვირით დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები.

მადრიდში კი დაიხურა კომერციული დაწესებულებები.

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ბიზნესის დასახმარებლად 18 მილიარდი ევრო გამოიყოფა.