12 მარტს ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 37-ით გაიზარდა
12 მარტს ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 37-ით გაიზარდა

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ესპანეთში 12 მარტს გარდაცვლილთა რიცხვი 37-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 84 შეადგინა. ამასთან, გამოვლინდა ინფიცირების თითქმის 1500 ახალი შემთხვევა და საერთო ჯამში, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ თითქმის სამი ათასი შეადგინა.

ამგვარად, იტალიის შემდეგ ესპანეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მიხედვით ევროპაში მეორე ადგილზეა.

მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ, ესპანეთის ოთხ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. კერძოდ, ჩაიკეტა ბარსელონადან ჩრდილოეთით, 49 კილომეტრში მდებარე სოფელ იგუალადას გარშემო მდებარე ოთხი ქალაქი. სწორედ აღნიშნულ რაიონში დაფიქსირდა დაავადების შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა. კატალონიის რეგიონული მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კარანტინი შეეხო დაახლოებით 70 ათას ადგილობრივ მცხოვრებს.

კორონავირუსის 1400 შემთხვევაა გამოვლენილი დედაქალაქ მადრიდში. ჯანდაცვის სამინისტრო სასტუმროებს საკარანტინე ზონებად ამზადებს, რადგან მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა.

ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე სულ მცირე ორი კვირით დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები.

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ბიზნესის დასახმარებლად 18 მილიარდი ევრო გამოიყოფა.

ამასთან, მთავრობის მიერ დამტკიცებულ ფინანსური დახმარების პაკეტში 2,8 მილიარდი ევრო გათვალისწინებულია რეგიონული მთავრობების დასახმარებლად, ერთი მილიარდი ევრო ჯანდაცვის სამინისტროსთვის და 400 მილიონი ევრო ტურიზმის სექტორისთვის. ამასთან, ესპანეთში შეიზღუდება მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ფასები.