ესპანეთში ბაშარ ალ ასადის ნათესავები ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს
ესპანეთში ბაშარ ალ ასადის ნათესავები ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს

ესპანეთში ბაშარ ალ ასადის ნათესავები ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს. ევროპული ქვეყნის სასამართლომ სირიის პრეზიდენტის 82 წლის ბიძა და მასთან ერთად კიდევ 13 ადამიანი დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბებაში დაადანაშაულა, რომელმაც 1980-იანი წლების შემდეგ დღემდე 600 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის თანხა გაათეთრა.

82 წლის რიფატ ასადი წარსულში სირიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიდან კი 8 პირი რიფატის შვილები და მისი ორი მეუღლე არიან. გავრცელებული ცნობით, 1980-იანი წლების შემდეგ ბაშარ ალ ასადის ნათესავები ესპანეთის ტერიტორიაზე, ძირითადად მალაგის რეგიონში ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების ფარგლებში მოქმედებდნენ. მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად კი ასადების ხელში რეგიონში არსებული 507 უძრავი ქონება აღმოჩნდა, რომელთა საერთო ღირებულება 695 მილიონი ევროა.

ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფება ყალბი კომპანიების საშუალებით სხვა ქვეყნებშიც მოქმედებდა. მათ შორის დიდ ბრიტანეთში, სადაც რიფატ ასადს სამეფოში ბუკინგების სასახლის შემდეგ სიდიდით მეორე სასახლე ეკუთვნის. მისი ოჯახი ასევე ფლობს ბოინგ 727-ს და სამ გემს.

რიფატ ასადმა სირია 1983 წელს, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დატოვა. მას საკუთარი უფროსი ძმის, ჰაფეზ ასადის, ბაშარ ალ ასადის მამის ჩამოგდება სურდა. რიფატის წინააღმდეგ მსგავსი საქმეები უკვე აღძრულია შვეიცარიასა და საფრანგეთში.