ესპანეთსა და პორტუგალიაში ქარიშხალ „ელზას“ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა 
ესპანეთსა და პორტუგალიაში ქარიშხალ „ელზას“ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა 

პირენეს ნახევარკუნძულზე ქარიშხალ „ელზას“ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ესპანეთსა და პორტუგალიაში სტიქიამ ათობით შენობა და ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, რის გამოც რიგი დასახლებები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის ზონაში დროებით დაიხურა ათობით საავტომობილო გზა, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დატბორილია. ამასთან ერთად, რეგიონს კიდევ ერთი ქარიშხალი – ფაბიანი უახლოვდება.

როგორც ესპანეთის ხელისუფლება იუწყება, ქარიშხალ „ელზას“ ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ებრძვიან. ესპანეთის ჩრდილოეთში კი, ქარიშხალი „ფაბიანი“ მძვინვარებს, სადაც ქარის სიჩქარე საათში 140 კილომეტრს მიაღწევს. სანაპირო ზოლში 9 მეტრის სიმაღლის ტალღებია მოსალოდნელი.

ქარიშხალს ებრძვიან საფრანგეთის სამხრეთშიც, სადაც 140 ათასი მოსახლე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რეგიონში სტიქიის გამო, რამდენიმე ათეული მცხოვრებლის ევაკუაციაც განხორციელდა. ძლიერმა ქარმა მათ სახლებს სახურავი გადახადა.