ესპანეთსა და იტალიაში 8 მარტი მასობრივი გაფიცვითა და საპროტესტო აქციებით აღნიშნეს
ესპანეთსა და იტალიაში 8 მარტი მასობრივი გაფიცვითა და საპროტესტო აქციებით აღნიშნეს

ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ქალთა საერთაშორისო დღე ქალების მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციებით აღინიშნება.

აქციების ფარგლებში ათამდე პროფკავშირი გაიფიცა, მათ შორის მადრიდის ატოჩას სადგურის თანამშრომლებიც. პროტესტის ნიშნად ესპანეთის ტერიტორიაზე 300-მდე მატარებელი 24 საათის განმავლობაში მოძრაობას შეწყვეტს.

მადრიდში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას, რომელიც გენდერული თანასწორობის მოთხოვნით გაიმართება, მსახიობი პენელოპე კრუსიც შეუერთდება. ესპანურ გაზეთ El País-ის ინფორმაციით, პენელოპე კრუსის გზავნილია შეწყდეს ძალადობა ოჯახში, რომელიც ესპანეთის რეგიონებში დღესაც მწვავე პრობლემას წარმოადგენს.

ესპანეთში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ პრობლემად სამსახურში ყოველთვიურ ანაზღაურებაში გენდერული ნიშნით განსაზღვრულ სხვაობას ასახელებენ. Eurostat-ის ინფორმაციით, ესპანეთის კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს მათ მამაკაც კოლეგებზე სულ მცირე, 13%-ით დაბალი ანაზღაურება აქვს.

მასობრივი გაფიცვაა იტალიაშიც. მატარებლების მოძრაობის გრაფიკი მნიშვნელოვნად შეიზღუდა. რომსა და მილანში ფართომასშტაბიანი აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გუშინ გვიან ღამით დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის იტალია ერთ-ერთია, სადაც ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. 2000 წლიდან დღემდე იტალიაში 3 ათასამდე ქალი მისმა პარტნიორმა ან ქმარმა მოკლა, 2017 წელს კი იტალიის მასშტაბით 114 ქალი მოკლეს. ფემიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში 2012 წელს მოხდა, რის შემდეგაც იტალიის პარლამენტმა ფემიციდის საწინააღმდეგო კანონი მიიღო.