ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ გავლენის ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება დაიწყო
ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ გავლენის ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება დაიწყო

ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ გავლენის ბოროტად გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მადრიდში, საპატეროს ოფისში და კიდევ სამ სხვა ობიექტში ჩხრეკა ჩატარდა.

როგორც ცნობილია, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჩვენების მისაცემად 2 ივნისს დაიბარებენ.

გამოძიება ე.წ. Plus Ultra-ს საქმეს უკავშირდება, რომელიც ეხება 2021 წელს, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ესპანური ავიაკომპანიის, Plus Ultra-სთვის 53 მილიონი ევროს სახელმწიფო დახმარების გამოყოფას.

ეს ფინანსური დახმარება სადავო გახდა, რადგანაც კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ Plus Ultra-ს არ ჰქონდა მკაფიო სტრატეგიული მნიშვნელობა, სუსტ ფინანსურ მდგომარეობაში იყო და ვენესუელელ აქციონერებთან გახლდათ დაკავშირებული.

სასამართლო შეამოწმებს, იყო თუ არა აღნიშნული დახმარება სათანადო წესის მიხედვით დამტკიცებული.