ესპანეთის ვიცე-პრემიერი - ჩვენ მიგრანტებს პატივისცემით დავხვდებით
ესპანეთის ვიცე-პრემიერი - ჩვენ მიგრანტებს პატივისცემით დავხვდებით

ესპანეთის მთავრობა მზად არის, უახლოეს დღეებში 1000-მდე მიგრანტი მიიღოს. ახლად დანიშნულმა ვიცე-პრემიერმა კარმენ კალვომ განაცხადა, რომ ესპანეთი ე.წ. წყლის მიგრანტებს, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე ხმელთაშუა ზღვის გავლით შედიან, პატივისცემით და ღირსეულად დახვდებიან.

„ესპანეთის მთავრობა მიგრანტების მიმართ სრულ თანაგრძნობას გამოხატავს. ჩვენ უკვე მივიღეთ 500-ზე მეტი მიგრანტი, რომელიც იტალიის მთავრობამ საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვა. ისინი ახლა ვალენსიაში, თავშესაფარში იმყოფებიან. ჩვენ არავინ გვავალდებულებს, მიგრანტები მივიღოთ, ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა. დიახ, ვიქცევით ისე, როგორც ევროპულ სახელმწიფოს შეჰფერის“, – განაცხადა კარმენ კალვომ.

მისი თქმით, ესპანეთის მთავრობა აცნობიერებს, რომ ამ ადამიანებს წასასვლელი არ აქვთ, რადგან მათ ქვეყანაში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ესპანეთის ახალი სოციალისტური მთავრობა რბილი საემიგრაციო პოლიტიკის მომხრეა. ერთი კვირის წინ ესპანეთმა 600-მდე მიგრანტით სავსე გემი მიიღო. მათი დიდი ნაწილი აფრიკის ქვეყნებიდან არიან. 16 ივნისს ესპანეთში მიგრანტებით სავსე სამ გემს ელოდებიან.