ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს COVID-19-ის პანდემიის პერიოდის კორუფციულ საქმეზე 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს COVID-19-ის პანდემიის პერიოდის კორუფციულ საქმეზე 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

„ევრონიუსის“ ცნობით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ყოფილ მოკავშირეს და სოციალისტური პარტიის გავლენიან ფიგურას, ყოფილი ტრანსპორტის მინისტრს, ხოსე ლუის აბალოსს COVID-19-ის პერიოდში პირბადეების შესყიდვებთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეზე 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამნაშავედ ცნეს აბალოსის ყოფილი თანაშემწე კოლოდო გარსია და ბიზნესმენი ვიქტორ დე ალდამა.

შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ სამივე პირი ქმნიდა დანაშაულებრივ ორგანიზაციას მკაფიოდ განაწილებული როლებით, რომლის მიზანიც კორუფციული სქემით ფინანსური სარგებლის მიღება იყო.

აბალოსი და გარსია დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, ქრთამის აღებაში, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და გავლენით ვაჭრობაში.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სქემა უკავშირდებოდა COVID-19-ის პანდემიის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში სახელმწიფო კომპანიებისთვის 13 მილიონი პირბადის შესყიდვას.

სასამართლომ დაადგინა, რომ აბალოსი, ბიზნესინტერესების ხელშეწყობის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახის სარგებელს იღებდა.

საქმე ეხება ტრანსპორტის მინისტრისთვის თვეში 10 000 ევროს ჩარიცხვას, მის ახლო წრესთან დაკავშირებული პირის საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას და ორი ქალის დასაქმებას ტრანსპორტის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო კომპანიებში.

„ევრონიუსის“ მიხედვით, სასამართლოს განაჩენი მნიშვნელოვანი პოლიტიკური დარტყმაა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში პირადად მისი მონაწილეობა არ ფიქსირდება. აბალოსი სანჩესის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე იყო მისი ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში და იკავებდა როგორც ტრანსპორტის მინისტრის, ასევე პარტიის მდივნის პოსტს.