ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კარლეს პუიჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი გააუქმა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კარლეს პუიჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი გააუქმა

ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, პაბლო ლლარენმა ექვსი კატალონიელი სეპარატისტი პოლიტიკოსის, მათ შორის კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი გააუქმა. ინფორმაციას ესპანური გამოცემა La Vanguardia ავრცელებს.

ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის სასამართლომ დაადგინა, რომ პუიჩდემონის ესპანეთში დაბრუნება ამბოხის ორგანიზების ბრალდებების გამო შეუძლებელია.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება კარლეს პუიჩდემონის დაკავების ნაციონალური ორდერი. ამგვარად, კატალონიის ყოფილ ლიდერს შეუძლია, თავისუფლად გადაადგილდეს საზღვარგარეთ, თუმცა ესპანეთის ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში, მას დაპატიმრება ემუქრება.

ესპანეთის პროკურატურა კარლეს პუიჩდემონსა და სხვა კატალონიელ პოლიტიკოსებს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გამო ამბოხის ორგანიზებასა და სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.