ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ, რომ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგი არიან
ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ, რომ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგი არიან

ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგი არიან.

როგორც ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ჟურნალისტებს განუცხადა, მადრიდი არ იზიარებს აშშ-ის გადაწყვეტილებას, გადასცეს უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალა, თუმცა, მისივე თქმით, პატივს სცემს სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებას.

„ესპანეთი მოქმედებს იმ მტკიცე ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც ესპანეთს აქვს უკრაინის მიმართ. ასევე, აქვს ვალდებულება, რომ გარკვეული ხასიათის შეიარაღება და ბომბები არ შეიძლება, გადაეცეს უკრაინას, არავითარ გარემოებებში. კასეტური ჭურვები – არა. უკრაინის კანონიერი თავდაცვისთვის განკუთვნილი დახმარება – კი“, – განაცხადა რობლესმა.

თავის მხრივ, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგ გამოვიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი. მისი თქმით, ლონდონი არ წაახალისებს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას და ბრიტანეთი არის მათი აკრძალვის შესახებ კონვენციის ხელმომწერი.

ცნობისთვის, 7 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ამერიკული წარმოების კასეტური საბრძოლო მასალა გადაეცეს. როგორც თეთრ სახლში განმარტეს, უკრაინამ პირობა დადო, რომ მინიმუმამდე შეამცირებს ამ საბრძოლო მასალის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკს. მათივე განმარტებით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი კასეტური საბრძოლო მასალა გაცილებით ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოქალაქეებს, ვიდრე ის კასეტური ბომბები, რომლებსაც რუსეთი იყენებს.