ესპანეთის სამხრეთში ულტრამემარჯვენეებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, დაშავებულია ხუთი ადამიანი
ესპანეთის სამხრეთში ულტრამემარჯვენეებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, დაშავებულია ხუთი ადამიანი

ესპანეთის სამხრეთში ულტრამემარჯვენეებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ ტორე პაჩეკოში, სავარაუდოდ, აფრიკული წარმოშობის ახალგაზრდები ადგილობრივ მცხოვრებს დაესხნენ თავს. შეტაკებების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაკავებულია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ უპირსიპირდებიან ერთამანეთს საპროტესტო აქციის მონაწილეები და ის მოქალაქეები, რომელთაც მაროკოს დროშები უჭირავთ ხელში.

მანამდე, ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოწოდებით, მერიის შენობასთან 2 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. ადგილობრივი მედია წერს, რომ მიტინგის გამართვის მიზეზი იყო ადგილობრივ 68 წლის მამაკაცზე თავდასხმა. ჟურნალისტების ცნობით, მერიის შენობასთან გამართული აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა მისი დასრულების შემდეგ რადიკალურად განწყობილი აქტივისტების ნაწილმა ქუჩებში ჩრდილოეთაფრიკული წარმოშობის პირების დევნა დაიწყო.

როგორც „როიტერი“ წერს, ქალაქ ტორე პაჩეკოს მცხოვრებლების მესამედი უცხოელია. ბევრი მათგანი სასოფლო-სამეურნეო სფეროშია დასაქმებული.