ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო, ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო, ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, ცეცხლი 10 ათას ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძარი ვალენსიის რეგიონში, ალიკანტეს პროვინციაში შაბათს გაჩნდა და მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა.

ვალენსიის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მიმდებარე ტერიტორიებიდან ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის ჩასაქრობად 300-მდე მეხანძრე, 24 სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენია მობილიზებული.

„ძალიან რთული ვითარებაა. ხანძარი ქმნის უზარმაზარ სირთულეებს, რომელთა დაძლევა შეუძლებელია იმ სიჩქარით, რომელიც ჩვენ გვსურს“, – განაცხადა ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ხელმძღვანელმა ხოაკინ პუიგმა.

ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ, მიმდინარე წელს, ესპანეთის მასშტაბით, 391 ტყის ხანძარი გამოიწვია, რომელთა შედეგად 271 ათასზე მეტი ჰექტარი ტყე განადგურდა.