ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინაში ჯარების განთავსებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, დარწმუნებული ვარ, პუტინი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, მე ვერ ვხედავ სიმშვიდეს ჰორიზონტზე
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნაზე საუბარი ნაადრევია.
„უკრაინაში ჯარების განთავსებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ამ დროისთვის მშვიდობა არ არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხოსე მანუელ ალბარესმა.
როგორც მედია წერს, „დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ ევროპელი ლიდერები შეშფოთებას ვერ მალავდნენ“. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არ შეიძლება აგრესიული ომების წახალისება.
„ჩვენ არ შეგვიძლია, წავახალისოთ სხვები აგრესიული ომების წამოწყებაში. დარწმუნებული ვარ, პუტინი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას. ასე რომ, მე ვერ ვხედავ სიმშვიდეს ჰორიზონტზე“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.