ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი-იმედი მაქვს, გიბრალტარის საკითხზე ლონდონთან შეთანხმებას მივაღწევთ
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი-იმედი მაქვს, გიბრალტარის საკითხზე ლონდონთან შეთანხმებას მივაღწევთ

ესპანეთი იმედოვნებს, რომ დიდ ბრიტანეთთან გიბრალტარის საკითხზე შეთანხმებას ოქტომბრამდე მიაღწევს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალფონსო დასტისმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

გიბრალტარი დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა და ევროკავშირი ბრიტანეთთან ერთად უნდა დატოვოს, თუმცა 2016 წელს „ბრექსითის“ შესახებ რეფერენდუმზე ტერიტორიის მოსახლეობის 96%-მა ორგანიზაციაში დარჩენას დაუჭირა მხარი. ამჟამად გიბრალტარს ესპანეთის საზღვარზე თავისუფალი გადაადგილების შენარჩუნება სურს.

ლონდონსა და მადრიდს შორის გიბრალტარის საკითხზე მოლაპარაკებები იანვრიდან მიმდინარეობს.

„მოვლენები კარგად ვითარდება, ამიტომ ვისურვებდით, ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილნი“, – განაცხადა ესპანელმა დიპლომატმა.

დასტისმა იმედი გამოთქვა, რომ ესპანეთსა და ბრიტანეთს შორის გიბრალტართან დაკავშირებით ორმხირივი შეთანხმება ოქტომბრამდე გაფორმდება და ის ევროკავშირსა და ლონდონს შორის „ბრექსითის“ შესახებ საბოლოო შეთანხმების ნაწილი გახდება.

„ჩვენი მისწრაფება იმაში მდგომარეობს, რომ ორმხრივ და ძირითად შეთანხმებას ერთდროულად მოეწეროს ხელი“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთს ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვრის დარეგულირების საკითხიც აქვს გადასაწყვეტი.