ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის გაფართოებას ვეტოს დაადებს, თუ კატალონიური, გალისიური და ბასკური ენები ორგანიზაციის ოფიციალურ ენებად არ გამოცხადდება

16:09, 10.09.2026

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ესპანეთი ევროკავშირის გაფართოებას ვეტოს დაადებს, თუ კატალონიური, გალისიური და ბასკური ენები ევროკავშირის ოფიციალურ ენებად არ გამოცხადდება.

ალბარესის თქმით, ესპანეთის მთავრობა „მხარს უჭერს“ ახალი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა ამ პროცესის წინაპირობად გალისიური, ბასკური და კატალონიური ენების სტატუსის საკითხის გადაწყვეტას აყენებს.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის გაფართოებას, მაგრამ ამასთან ერთად დაჟინებით მოვითხოვთ ჩვენი ოფიციალური ენების საკითხის გადაწყვეტას. წარმოუდგენელია, ევროკავშირში ახალი ოფიციალური ენა დაემატოს, თუ კატალონიური, ბასკური და გალისიური ენები ამ სტატუსით ჯერ კიდევ არ სარგებლობენ“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ალბარესის განცხადება ევროკავშირის საერთო საკითხთა საბჭოს სხდომამდე გაკეთდა, სადაც გაფართოების საკითხებსაც განიხილავენ. სხდომა 22 სექტემბერს გაიმართება.

მანამდე ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სექტემბრის ბოლომდე უნდა წარადგინონ წინადადებები ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისთვის შეზღუდვებისა და დამცავი მექანიზმების შესახებ.

მსგავსი