ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს, რომელსაც სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას და კორუფციას ედავებიან, ქვეყნის დატოვება აეკრძალა
ესპანეთის სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მეუღლეს, ბეგონია გომესს, რომელიც კორუფციის საქმეში ფიგურირებს, მკაცრი შეზღუდვები დაუწესა.
მოსამართლის, ხუან კარლოს პეინადოს გადაწყვეტილებით, 55 წლის გომესს ქვეყნის დატოვება ეკრძალება.
მედიის ცნობით, პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, ბეგონია გომესს პასპორტის ჩაბარება და თვეში ორჯერ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადება მოუწევს. გარდა ამისა, სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა სასაზღვრო სამსახურს, სამოქალაქო და სამხედრო აეროპორტებს.
ცნიბისთვის, ორწლიანი გამოძიების შემდეგ, 2026 წლის აპრილში, ბეგონია გომესს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. მას ედავებიან სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, კორუფციას, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო გავლენის გამოყენებას.
გამოძიების თანახმად, სპეციალურად მისთვის შეიქმნა თანამდებობა მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში. აღნიშნული პოზიცია პირადი ინტერესებისთვის გამოიყენებოდა. საქმე ეხება კათედრას სახელწოდებით „კონკურენტუნარიანი სოციალური ტრანსფორმაცია“. ექსპერტების აზრით, ასეთი სტრუქტურის იდეა, ბუნდოვანი შინაარსის გამო, თავიდანვე კითხვებს აჩენდა, ხოლო მისი შექმნისთვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა ხორციელდებოდა. გამოძიების დაწყების შემდეგ კათედრა დაიხურა, რადგან აღიარეს, რომ მას არც სამეცნიერო და არც პრაქტიკული ღირებულება არ გააჩნია.
2024 წლის ოქტომბერში საქმე გაფართოვდა მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე ორგანიზაციამ Hazte Oír-მა სარჩელი შეიტანა და პრემიერ-მინისტრის მეუღლე უნივერსიტეტის პროგრამული უზრუნველყოფის უკანონო გამოყენებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, გომესს კიდევ ერთ შესაძლო დარღვევას ედავებიან, რომ მან საკუთარ კერძო ბიზნესპროექტებში ჩართო საჯარო მოხელე კრისტინა ალვარესი, რომელსაც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდიდნენ.
თავად გომესი და პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
სანჩესის მეუღლის წინააღმდეგ საქმე უფრო ფართო კორუფციული სკანდალების ნაწილია, რომლებმაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრის გარემოცვა მოიცვა.
კერძოდ, მაისის ბოლოს დაიწყო ხმაურიანი სასამართლო პროცესი, რომლის ფარგლებში ბრალდებულია ათი პირი, მათ შორის მმართველი „ესპანეთის სოციალისტური მუშათა“ პარტიის წარმომადგენლები. მათ უკანონო დასაქმების სქემაში მონაწილეობას ედავებიან.
მანამდე დაიწყო სასამართლო პროცესი პრემიერის ძმის, დავიდ სანჩესის წინააღმდეგაც, რომელსაც ეჭვმიტანილად მიიჩნევენ მისთვის სპეციალურად შექმნილი თანამდებობის დაკავებაში.
პარალელურად, განაჩენს ელოდებიან ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის, ხოსე ლუის აბალოსის საქმეზე. იგი პანდემიის პერიოდში სამედიცინო აღჭურვილობისა და პირბადეების შესყიდვის დროს ქრთამის არებაშია ბრალდებული.
გამოძიების მიმდინარეობს ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და სოციალისტების ყოფილი ლიდერის, ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს წინაღმდეგაც, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელი 2004–2011 წლებში იყო და სანჩესის ერთ-ერთ უახლოეს მრჩევლად მიიჩნევა. მას უკანონო გავლენის გამოყენებასა და ამ გზით პირადი სარგებლის მიღებაში ადანაშაულებენ, მათ შორის საქმე ეხება პანდემიის პერიოდში ავიაკომპანიისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის ლობირებას.
მედია წერს, რომ გამოძიებების სერია აძლიერებს ზეწოლას ესპანეთის მთავრობაზე. ოპოზიცია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ითხოვს, ხოლო სანჩესის მხარდამჭერები მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებენ.