ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა, რომელიც ბიზნეს საქმიანობასა და გადაადგილებაზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებდა.

„ეს გახანგრძლივება წინა შემთხვევებისგან განსხვავებულია. პირველი შემთხვევაა, როდესაც ამის გაკეთება მომავლისადმი ფრთხილი ოპტიმიზმით შემიძლია“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პარლამენტში გამოსვლისას.

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებისა და ნორმალური ცხოვრების აღდგენის ფაზა უნდა იყოს ნელი, ეტაპობრივი და უსაფრთხო.

„ყოველი დაშვებული შეცდომა, ყოველი გამოწვევა, რომელსაც ვერ გავუმკლავდებით, სხვისი ინტერესებით გამოწვეული ყოველი შეყოვნება, იქნება ტვირთი მომავალ თვეებსა და წლებში“, – განაცხადა ესპანეთის ლიდერმა.

ესპანეთი მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 208 ათას შემთხვევაზე მეტი. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 21 717 ადამიანი.