ესპანეთის მთავრობამ კატალონიაში უკანონო რეფერენდუმის ჩატარებაში ბრალდებულები შეიწყალა
ესპანეთის მთავრობამ კატალონიაში უკანონო რეფერენდუმის ჩატარებაში ბრალდებულები შეიწყალა

ესპანეთის მთავრობამ კატალონიაში უკანონო რეფერენდუმის ჩატარებაში ბრალდებულები შეიწყალა. საუბარია კატალონიის მთავრობის ყოფილ წევრებზე, რომლებიც 2019 წელს დამნაშავედ ცნეს.

ესპანეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ შეწყალების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კატალონიის გარშემო არსებულ დაძაბულობის განმუხტვას.

როგორც „ბიბისი“ წერს, პატიმრობაში მყოფი კატალონიელების გათავისუფლებას რამდენიმე დღე დასჭირდება, რადგან შეწყალების აქტს ჯერ მეფემ უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ კი ოფიციალურად გამოქვეყნდეს. როგორც ესპანური მედია წერს, შეწყალებულებს კვლავ აკრძალული ექნებათ სახელმწიფო თანამდებობის დაკავება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთიდან გამოყოფის და დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხზე რეფერენდუმი კატალონიაში 2017 წელს ჩაატარეს. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა.

ამის შემდეგ კატალონიელი ლიდერების ნაწილი და მათ შორის ესპანეთის ავტონომიური რეგიონის მაშინდელი მეთაური კარლეს პუჩდემონი საზღვარგარეთ გაიხიზნა. ისინი კი, ვინც სამშობლოში დარჩა, გაასამართლეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვლევებით, კატალონიელების შეწყალებას ესპანეთის მოსახლეობის 60 პროცენტი გაუმართლებლად მიიჩნევს.