ესპანეთის ელექტროკომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაწყებულია
ესპანეთის ელექტროკომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაწყებულია

ესპანეთის ელექტროკომპანია „რედ ელექტრიკაში“ აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაწყებულია. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იბერიის ნახევარკუნძულზე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაწყებულია და უახლოეს ხანში დენის მიწოდება ყველა რეგიონში აღდგება.

„ბიბისის“ ცნობით, მოქალაქეები იუწყებიან, რომ დენის მიწოდება უკვე აღდგა მალაგაში.

მანამდე, „რედ ელექტრიკაში“ ამბობდნენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენას 6-10 საათი დასჭიდებოდა.

ამასთან, ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ოსკარ პუენტემ თქვა, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით მატარებლების მოძრაობა არ აღდგება.

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ როგორც კი დენის მიწოდება აღდგება, ჩვენმა სერვისებმა მუშაობა განაახლონ, რაც დღეს შესაძლებელი არ იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ესპანეთის აეროპორტები ძირითადად ნორმალურად ოპერირებენ, რადგანაც მათ დენი გენერატორების საშუალებით მიეწოდებათ.