ესპანეთის დაზვერვა - რუსეთი კატალონიის კრიზისში ჩარევას ცდილობდა
ესპანეთის დაზვერვა - რუსეთი კატალონიის კრიზისში ჩარევას ცდილობდა

ესპანეთის დაზვერვამ რუსეთი კატალონიის კრიზისში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ესპანეთის დაზვერვის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ნაციონალურ კრიპტოლოგიური ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. უწყების მტკიცებით, რუსული ინსტიტუტები ცდილობდნენ, გასული წლის პოლიტიკური კრიზისის დროს კატალონიის სიტუაციაზე ზეგავლენა მოეხდინათ.

როგორც გამოცემა El Pais-ი წერს, დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ესპანეთი სხვა ქვეყნების მსგავსად, „კიბერომების“ მსხვერპლი გახდა. ამავე დროს ანარიშში არ არის დასახელებული კონკრეტული მტკიცებულებები.

„აშკარაა, რომ ინფორმაციის გამოქვეყნება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ან სოციალური ქსელების ინტოქსიკაცია მასობრივად და მიზანმიმართულად გამოიყენებოდა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ სხვა სახელმწიფოების დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო მოსახლეობის პოლარიზების მიზნით“, – ნათქვამია ესპანეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.